მიხეილ სააკაშვილი: ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა

ვემზადებოდი დიდი ხანი, ეს არ იყო ჩემი ჩამოსვლის პირველი მცდელობა, ყველაფერი არ განვითარდა ისე, როგორც ვგეგმავდი, რაღაცები ისე გაკეთდა, რომ პირველი მცდელობა კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა. ეს არ იყო ბიზნეს კლასის ვოიაჟი, არც ის, რასაც მედიაში აღწერენ, - ასე იხსენებს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოსვლას.

ექსპრეზიდენტის თქმით, ის საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრა.

„ვიყავი ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ლანჩხუთში, სამეგრელოში რამდენიმე ადგილზე, რიკოთზე გეახელით ლობიანს, დაკავებამდე ხინკალი გამოვიძახე და სამწუხაროდ მხოლოდ, ერთი ცალის შეჭმა მოვასწარი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან მარტივი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი, ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს. ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი, ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.