ბათუმში, კორპუსი, რომლის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულ დემონტაჟს დაექვემდებარება

ექსპერტების დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, 8 ოქტომბერს ჩამონგრეული 7-სართულიანი კორპუსი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად მისი დემონტაჟი განხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გაიტანეს საკითხი, თანხის მოძიების თაობაზე, რომ დაიწყოს დემონტაჟის სამუშაო.

„პროექტის შესყიდვა გადაუდებელი შესყიდვით განხორციელდება, რადგან ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დემონტაჟი უნდა განხორციელდეს სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შემუშავებული პროექტის მიხედვით. შესაბამისად, ინფრასტრუქტურის სამმართველო გამოაცხადებს გადაუდებელ შესყიდვას, როგორც კი ეს თანხა მის ბიუჯეტში აისახება.

როგორც კი დასრულდება შესყიდვის პროცედურები, დემონტაჟი დაიწყება. მაქსიმალურად სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან ეს არ იქნება ხანმოკლე პროცესი, თვეები გაგრძელდება, რადგან ირგვლივ ხალხი ცხოვრობს და ეს სამუშაო ფრთხილად უნდა ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ერთი ან ორი თვის პერსპექტივა. ალბათ გახსოვთ, ახვლედიანის ქუჩაზე როდესაც დაინგრა სამსართულიანი სახლი გაზის აფეთქების შემდეგ, დაახლოებით ორთვენახევარი გაგრძელდა დემონტაჟი და სავარაუდოდ, ეს პროცესიც რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განუცხადა Europetime-ს ლელა სურმანიძემ.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისის ქუჩაზე, ამ კორპუსში ცხოვრობდნენ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 8 ოჯახი სასტუმროშია განაწილებული, დანარჩენებმა ამაზე უარი განაცხადეს და ახლობლებთან არიან.

„ყველა მათგანთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბინის დაქირავების თაობაზე და მერია გადაიხდის ბინების ქირის თანხას, სანამ ეს პროცესი დასრულდება და ბინებით დაკმაყოფილდებიან“, - აღნიშნა ლელა სურმანიძემ Europetime-თან.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.