„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც დღეს, თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე და თბილისისკენ მიმავალი ავტოკოლონისთვის „ცოცხების კორიდორის“ მოწყობაზე ჰკითხეს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მშვიდობიანად უნდა დასრულდეს არჩევნების მეორე ტური, ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.
„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებულ შეკითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყანას მიხეილ სააკაშვილის დაკავებით დიდი განსაცდელი და პროვოკაცია აარიდა“. მისი განცხადებით, „პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია“.
„პატიმარი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა და ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის მკვლელობების განხორციელებაც თუ, რა თქმა უნდა, ისე მოხდებოდა როგორც მას ჰქონდა დაგეგმილი. მადლობა ღმერთს ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას.
ახლა რაც შეეხებაა ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან ზოგადად მოწოდებებს, გვესმის, რომ ყველას სურვილია, ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე, დანაშაულებზე ერთ დღეს დაფიქრდნენ და მართლაც გაიაზრონ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი სვეტიცხოვლობის მილოცვით დაიწყო.
„ამ დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ერთანეთს, რომ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ხალხის მიმართ, ჩვენი ეკლესიის მიმართ. მე მინდა ჩვენს ხალხს ვუსურვო, მეტი ერთიანობა, მეტი სიყვარული და მეტი სიმშვიდე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.