საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, მე მგონი, ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობს, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.
დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება, რაღაც მატებაც იყოს.
აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის.
თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული, ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი.
აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ეს საკითხი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისართან, მიშელ ბაშელესთან შეხვედრაზეც განიხილა.
კერძოდ, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდპანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე.