ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ ჯანდაცვას ვირუსთან ბრძოლაში დრო არ დაუკარგავს - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„დრო ნამდვილად არ დაკარგულა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტროში 1 დღით და 1 საათითაც არ შემწყდარა მუშაობა იმისთვის, რომ მომზადებული ვყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, დღესაც ვაგრძელებთ მომზადებას ყველა გამოწვევას რომ ვუპასუხოთ. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსი არამხოლოდ ჯანდაცვის სისტემების, არამედ მთლიანად სახელმწიფოების გამოწვევაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, ასევე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, რომელიც ჯერჯერობით იმყოფება ჩანასახოვან პერიოდში, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სწორედ აქედან გამომდინარე, საქართველოს ექიმები და ჯანდაცვის სისტემა, საჭიროებს ბევრად უფრო მეტ კოორდინირებულ მუშაობას და მხარდაჭერას, როგორც მოქალაქეებისგან, ასევე მედია საშუალებებიდან, იმისთვის რომ დროულად იქნეს ამოცნობილი ყველა ის პრობლემატიკა, რომელიც სისტემაში არსებობს და მათზე დროული რეაგირებაა საჭირო, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვასრულებთ“, - აღნიშნა ტიკარაძემ.
ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება.
“ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9%. ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას. თუმცა ამის ანალიზი კეთდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად უნდა წარვადგინოთ, როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება”, - განაცხადა ტიკარაძემ.