ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული, ბადრი ესებუა შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს.

„ალბათ გამოვაცხადებთ“, - ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, შს მინისტრი ამბობს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების ღონისძიება მიმდინარეობს.

„შემთხვევების გახშირება არის 10 ან 20 შემთხვევა რომ მოხდება, ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევა ყოველთვის ხდება. ხელყუმბარით შევარდნა რაც მოხდა, დავაკავეთ“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.