ადვოკატი: ერთ-ერთი პატიმარი მეორეს გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ კვამლის გამო გარეთ ვეღარ გამოაღწიეს

ერთ-ერთი გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატის ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა.

მისი თქმით, პატიმრები საავადმყოფოში შეყვანისას, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

"ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ, იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ", - აცხადებს ჯაბა კოჭლამაზაშვილი.

რუსთავის ციხეებთან ამ დროისთვის მიდიან სხვა პატიმრების ოჯახის წევრები, რომ გაიგონ რა მდგომარეობაში არიან მათი ახლობლები - ხანძრის შემდეგ მსჯავრდებულებს შეზღუდულები ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან.

რუსთავის N17 დაწესებულების სამზარეულოში ხანძარი 14 ოქტომმბერს დაახლოებით 14:00-ზე გაჩნდა. ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. მომხდარის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა და ომბუდსმენმა გამოძიება დაიწყეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს. მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური (N5, N6, N12, N16) დაწესებულებებისგან.