"სომხეთის რესპუბლიკა მზად არის, ტყვეების ნაცვლად აზერბაიჯანს გადასცეს დანაღმული ველების შესახებ რუკები",- აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოთა მეთაურების საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.
სომხეთის პრემიერის თქმით, 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მე-8 პუნქტის გათვალისწინების მიუხედავად, აზერბაიჯანულ მხარეს ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია ყველა სომეხი პატიმარი.
საუბარია ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეული ტერიტორიის დანაღმული ველების რუკებზე. ყარაბღის ომის დროს და მომდევნო პერიოდში აზერბაიჯანმა არაერთი სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანა.