კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, 98 ბაღი დახურულია

კოვიდინფიცირების შემთხვევების გამო, 108 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით კი, ამ დროისთვის, პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის COVID19-ის შემთხვევების დადასტურების გამო, ბაღების ნახევარზე მეტი, სულ 98 ბაღია დახურული.

განათლების სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. ამ ეტაპისთვის მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ია აცრილი.

ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი.

„კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს - მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე.

რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.