შვეიცარიის კონფედერაციაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს გი პარმელინს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო შვეიცარიის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.
„მე, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე ბატონ პრეზიდენტს, შვეიცარიის მიერ საქართველოს მიმართ სოლიდარობისათვის, ეს არის სოლიდარობა ორ პატარა ქვეყანას შორის და რომელიც პირველ რიგში, შვეიცარიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მუდმივ მხარდაჭერაში გამოიხატება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც იცით, ბევრად უფრო რთულ რეგიონში ვართ, ვიდრე შვეიცარია იმყოფება. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა, ერთი მხრივ, არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ ძალიან პრაქტიკულიცაა", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
2009 წლიდან, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდგომ და ჩვენი რეგიონების ოკუპაციის შემდგომ, შვეიცარია შუამავალია ჩვენსა და რუსეთს შორის და ასრულებს ამ როლს მოსკოვში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში გი პარმელინის როლს.
საქართვლოს პრეზიდენტმა შვეიცარიასთან ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში შვეიცარიის გამოცდილების გამოყენება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც შვეიცარიას აქვს. ეს იქნება ტურიზმის სექტორში, ენერგეტიკაში, ეკოლოგიაში, სოფლის მეურნეობის დარგში, სამთო ტურიზმსა და სპორტში და იმ დარგში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საქართველოსთვის და მისი ეკონომიკური განვითარებისათვის - პროფესიული განათლების დარგი. ასევე ტექნოლოგია, ინოვაცია, ყველაფერი ის, რაც პატარა ქვეყნისთვის იმას ნიშნავს, რომ ხვალინდელი ეკონომიკური განვითარება უფრო სრულყოფილი და ადვილი იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
შვეიცარიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მხარდაჭერისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები: მარიანა კრაიერი, ბარბარა შელევალდი და სირილ ჰერინგი.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია შვეიცარიის კონფედერაციის Lohn Manor-ის სასახლეში გაიმართა.