NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პირველი ვიზიტით ეწვევა.
გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტს ბაქოში სტუმრობით, 17 ოქტომბერს დაიწყებს, რის შემდეგაც თბილისსა და ერევანს ეწვევა.
ხავიერ კოლომინა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდება და რეგიონული უსაფრთხოებისა და NATO-სთან პარტნიორობის საკითხებს განიხილავს.
„მოუთმენლად ველოდები ჩემს პირველ მოგზაურობას კავკასიაში მომდევნო კვირას. ამ ვიზიტის დროს, ახალ რანგში, როგორც NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პირველი შეხვედრები მექნება სამი ქვეყნის მაღალი რანგის პირებთან. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა, კონტაქტების დამყარებისა იმ პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც რეგიონში მოგზაურობები შეზღუდული იყო COVID19-ის პანდემიის გამო.
ვიზიტი დამეხმარება, უკეთ გავიაზრო ჩემი თანამოსაუბრეების მხრიდან პერსპექტივები და წუხილები, როგორც რეგიონულ უსაფრთხოებასთან, ასევე, NATO-სთან მათი პარტნიორობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.
ვიმედოვნებთ, რომ განვსაზღვრავთ გზებს და საშუალებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ NATO-ს ჩართულობა კავკასიაში“, - აღნიშნულია ვიზიტთან დაკავშირებულ ტექსტში, რომელიც ხავიერ კოლომინას Facebook გვერდზე განთავსდა.
შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელად სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა პირიზი სექტემბერში დაინიშნა.
ცნობისთვის, ხავიერ კოლომინამ დიპლომატიური სამსახური 2001 წელს დაიწყო. 2001-2002 წლებში იყო ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ორგანიზაციების ხელმძღვანელი.
2017-2021 წლებში - NATO-ში ესპანეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. მანამდე კი, სხვადასხვა დროს მუშაობდა პოლიტიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე ესპანეთის საელჩოში, ტოკიოში. ასევე, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია ეკავა. ასევე მუშაობდა გაეროში ესპანეთის მისიაში (პირველი მდივანი), სირიაში ესპანეთის ელჩის მოადგილედ (2006-2008).
ხავიერ კოლომინამ ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელმაც უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებზე NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა. კერძოდ, აპატურაის პოსტი ტერორიზმთან ბრძოლის, ჰიბრიდეული საფრთხეებისა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების გავლენას მოიცავს.
ჯეიმს აპატურაი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში საქართველოს ბოლოს ივლისში სტუმრობდა. ის პრეზიდენტმა ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.