ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარედ, საცხოვრებელი სახლიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მემედ აბაშიძის 56 ნომერში მდებარე კორპუსის მდგრადობას დღეს ექსპერტები სწავლობდნენ.

წინასწარი შეფასებით, სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ არის, მიზეზი კი ამავე კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოა.

„ექსპერტიზის სრულ დასკვნას ჯერ არ ვიცნობთ. სპეციალისტებისგან არის მოთხოვნა, რომ პრევენციის მიზნით აქ მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდეს. მოგეხსენებათ, დღეს ჩაუტარდა ექსპერტიზა დანგრეული კორპუსის მომიჯნავე ორივე სახლს. ერთს არა აქვს პრობლემა, მეორე სახლიდან ევაკუაცია კი პირველ სართულზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო განხორციელდა. მუნიციპალურმა ინსპექციამაც აღმოაჩინა ნებადართული პროექტის დარღვევის ფაქტი. ამ კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ნაწილისთვის ეს არ არის მუდმივი საცხოვრებელი და არ იმყოფებიან აქ, დანარჩენი ყველა ოჯახი გადავა სასტუმროში, მე პირადად გადავდივარ ძმასთან“, - განაცხადა მედიასთან მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა სურმანიძემ, რომელიც ამავე კორპუსის მცხოვრებია.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლის განაცხადებით, სამუშაოზე ნებართვა მერიას გაცემული ჰქონდა, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ დამტკიცებული პროექტის დარღვევის ფაქტი გამოავლინა.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს. მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

როდის დაიწყება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის დემონტაჟი და რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში