დავით ზალკალიანმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის მომზადების საკითხი სლოვენიის პრეზიდენტთან განიხილა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს და ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

„აღინიშნა საქართველოს მისწრაფება, მოემზადოს 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადისთვის. განიხილეს აღმოსავლეთ პერტნიორობის მოახლოებული სამიტი და მოსამზადებელი სამუშაო. ამ კონტექსტში, მინისტრმა ხაზი გაუსვა სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას და მხარდაჭერას.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ადგილზე არსებულ რთულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

მინისტრმა სლოვენიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების სურვილს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ევროპასთან დაახლოების პროცესში. მინისტრმა პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორს გადასცა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მოწვევა“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

დავით ზალკალიანი დღეს სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარსაც შეხვდა.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. „სლოვენიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის კონტექსტში, ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მნიშვნელობას. აღინიშნა საქართველოს მოლოდინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულებას, რეფორმებს, ვიზალიბერალიზაციას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას და საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებს ამ კუთხით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები ალიანსთან თანამშრომლობის კუთხით. აღნიშნეს, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის, ფუნქციას ავღანეთიდან სამხედროებისა და მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო და ენერგეტიკული რგოლის კონტექსტში. ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა შავი ზღვის, როგორც დამაკავშირებელი მარშრუტის როლი. საუბარი შეეხო ასოცირებულ ტრიოს, მის მიზნებს, მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ტრიოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებზე არსებული მდგომარეობის, მძიმე ჰუმანიტარული ვითარების და მიმდინარე უკანონო პროცესების - ე.წ. „ბორდერიზაციის”, ადამიანების გატაცებისა და დაკავების ფაქტების შესახებ და აღნიშნა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების საკითხისადმი პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა.

ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას და რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. აღინიშნა EUMM-ის განსაკუთრებული როლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორებთან ვითარების მონიტორინგის და ინციდენტების პრევენციის თვალსაზრისით. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო სფეროში ურთიერთობები და აღნიშნეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურების საჭიროება, მიესალმნენ ახლო მომავალში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების განხორციელებას“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.