სტატისტიკა აჩვენებს, რომ მძიმე კოვიდპაციენტების უმეტესობა არ იყო ვაქცინირებული. ასევე აცრა არ აქვს გაკეთებული იმ ადამიანების უდიდესი ნაწილს, რომლებიც ჰოსპიტალში ხვდებიან. ეს არის 98% ან უფრო მეტი. სტატისტიკის თანახმად, რეანიმაციაში ხვდება აცრილთა 1%-ზე ნაკლები, რაც დაბალი მაჩვენებელია და იყო გარდაცვალების ერთეული შემთხვევები. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს.
„სადავო აღარაა, რომ ვაქცინა იცავს ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციისგან და კიდევ უფრო მეტად - გარდაცვალებისგან. ამიტომ, ვაქცინაცია მნიშვნელოვანია „დელტა“ შტამის გავრცელების პირობებში. ვაქცინა დღევანდელი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალია და აუცილებელია, ეს გამოსავალი გამოვიყენოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება, თუ რიგ ღონისძიებებს არ დავიცავთ.
„ვაქცინაცია და წესების დაცვა. სხვა რამ COVID-19-ის წინააღმდეგ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ. ასევე, ეს არის მობილურობის შეზღუდვა და ვაქცინაცია. მობილურობის შეზღუდვის სტაბილურად შენარჩუნება, უბრალოდ წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის უმთავრესია ვაქცინაცია.
შეზღუდვებს არ მოაქვს გრძელვადიანი შედეგი. „ამიტომ, ისევ და ისევ უნდა დავამატოთ ვაქცინაციის მექანიზმი და გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება. სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ძალიან წარმატებულად გაართვეს თავი კოვიდის მართვას, არის მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციისა და გამოიყენება PCR ტესტირება სოციალურ ადგილებში დასაშვებად. ჩვენც დავიწყეთ ამ მოთხოვნების დაყენება, მაგალითად კონფერენციებში, ტრენინგებში მონაწილეებისთვის. ახალა ეტაპობრივად უნდა გაფართოვდეს ეს მოთხოვნები, რათა ჩვენ უსაფრთხოდ შევძლოთ ბიზნეს და სოციალური საქმიანობის გაგრძელება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.