თბილისის მოქმედი მერი დარწმუნებულია, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას ამომრჩეველი მეორე ტურში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არ მისცემს.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის შეფასებით, რომ არა გიორგი გახარიას კანდიდატურა, ის არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებდა.
„ბევრ გარემოებაზე იყო ეს დამოკიდებული, მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ არა მისი კანდიდატურა, შეიძლება ხმები, რომლებიც მიიღო გიორგი გახარიამ, ყოფილიყო ჩვენი ხმები. თუმცა, წინ მეორე ტურია. მე დარწმუნებული ვარ, მისი ამომრჩეველი არასდროს მისცემს ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, არასდროს მისცემს ხმას წარსულს და ბოროტებას და კარგად ხედავენ რეალურად, რისი არჩევა გვიწევს - რასა და რას შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში.
არჩევნების მეორე ტურში 30 ოქტომბერს გაიმართება. მმართველი პარტიის კანდიდატმა კახა კალაძემ პირველ ტურში 44.97% მიიღო, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატს, 33.98%-მა დაუჭირა მხარი. ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ კი 8.86% მიიღო.
„როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე წავალ. ჩემი მხარდამჭერი ბევრად მეტს იმსახურებს. გარანტიას გაძლევთ, არცერთს არ მოვხაზავ, რადგან ერთიც და მეორეც მომავლის არჩევანს უსპობს ამ ქვეყანას, ორივემ პარტია და პერსონალიები ამჯობინა სახელმწიფო ინტერესებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვპირველის“ ეთერში.