ლატვიის მთავრობის მიერ დონაციის სახით გადმოცემული 83 070 დოზა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოშია.
Pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული.
ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
Pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია Biontech-თან ერთად შექმნა. Covid19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აცრა უკვე შეუძლიათ: 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს; 12-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებს, კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება.
გარდა ამისა, ინაქტივირებული ვაქცინებით (Sinovac, Sinopharm) აცრილებს დამატებით Pfizer-ის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცემათ, შემდეგი წესით: ორი დოზით აცრილთა შემთხვევაში, ადამიანებს, რომლებსაც მოგზაურობის, სწავლის, მკურნალობის, ან სხვა მიზნით, საზღვარგარეთ წასვლისთვის ესაჭიროებათ ვაქცინაციის ჩატარება, დამატებით შესაძლებელია Pfizer–ის ვაქცინის ორი დოზით აცრა, მეორე დოზას და დამატებით პირველ დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შეადგენს 28 დღეს.
ვაქცინაციის სურვილის შემთხვევაში ამცრელ დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი, მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ, დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა.
„ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს, საქართველოში კოვიდვაქცინით 6 673 ადამიანი აიცრა.14 ოქტომბერს - 3 843. 13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837. ეს რიცხვი 16 სექტემბრამდე პერიოდში 30 000-ს აღწევდა. საქართველოში ამ დროისთვის სამი ვაქცინაა ადმინისტრირებული, Pfizer-ი, Sinovac-ი, Sinopharm-ი.