რუსთავის ციხესთან შეკრებილები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ადგილზე იმყოფებიან რუსთავის მერიის თანამშრომლები, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები.
„აქციას სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებული ოჯახები მართავენ, რომელსაც მეც ვუერთდები", - განუცხადა რადიო თავისუფლებას გიორგი წილოსანმა, რუსთავის მერიის ერთ-ერთი აიპ-ის თანამშრომელმა.
ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სცენაა მოწყობილი, საიდანაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.
აქციას გამოეხმაურნენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“.
„9 წლის შემდეგ „ოცნება“ ციხესთან მოშიმშილე პრეზიდენტის წინააღმდეგ აქციას მართავს. მთავარი საყრდენი: წითელაშვილი და კიტოვანი, ანუ რუსეთი. დაქცეული ქვეყნის მთავარი სიმბოლო კვლავ ცოცხი. ზიზღი, ცოცხი და სიბნელე“, - წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, გასულ დღეეებში, ამავე ტერიტორიაზე რამდენიმე აქცია გაიმართა. 7 ოქტომბერს კი, ონლაინპეტიცია შეიქმნა და ერთი კვირის განმავლობაში, 75 ათასზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. 14 ოქტომბერს, დედაქალაქის ცენტრში, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გაიმართა.
ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.
მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.