მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

ახლად დაფუძნებული მოძრაობა - „მიშას თავისუფლებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს.

„მთავარი გასაღები იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს ქვეყანაში და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ამიტომაც ვაარსებთ მოძრაობას „მიშას თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ვერთიანდებით მოძრაობა საქართველოსთვის, მოძრაობა 20 ივნისი, მოძრაობა თავისუფალი ზონა და ასევე სხვა ორგანიზაციები. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება სხვადასხვა აქტივობა“, - აცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობისთვის, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და აქტივისტებისგან შემდგარი მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოს ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება. მათი შტაბი მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკაში განთავსდა.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.