12 წლიანი თავდაუზოგავი ძებნის შემდეგ, მაშინ, როცა ყველა იმედი გადაწურული იყო, ნაკრესის კონსერვაციული კვლევის ჯგუფმა ჯიქი, იგივე ლეოპარდი კვლავ საქართველოში დააფიქსირა.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. ფოტო აგვისტოშია გადაღებული.
" საქართველოში ჯიქის, ანუ ლეოპარდის (Pantera pardus) აგვისტოში გადაღებული ფოტო, დღეს აღმოვაჩინეთ თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ დამონტაჟებული ერთ-ერთი ფოტოხაფანგის შემოწმებისას.ამ რთული და ძვირადღირებული კვლევის ჩატარება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა; როგორც წინა, ისე ეს მცდელობაც აწ განსვენებული ბატონი ნუგზარ ზაზანაშვილის მეოხებით განხორციელდა და ამ წარმატებას სწორედ მას ვუძღვნით. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, მისი ბოლო ნაკვალევი იქნა ნაპოვნი", - აღნიშნვენ ორგანიზაციაში.