ამირან გამყრელიძე: მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეხუთე ტალღა მაღალი ნიშნულიდან დაიწყო.

მისი თქმით, ბოლო კვირის განმავლობაში განსაკუთრებით გაუარესებულია სიტუაცია სამ რეგიონში კახეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, რადგან აღნიშნულ რეგიონებში აცრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, შედარებით უკეთესია სიტუაცია აჭარასა და თბილისში, რადგან ორივე რეგიონში აცრით მოცვის მაჩვენებელი უკეთესია.

"მილიონი ადამიანია აცრილი, სულ მცირე კიდევ ერთი მილიონი უნდა აიცრას, რომ მშვიდად შეხვდეს ქვეყანა ახალ წელს. რაც შეეხება სხვადასხვა შემზღუდველ ღონისძიებებს, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო.შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები. მხოლოდ აცრას შეუძლია ეპიდემიის შეჩერება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია.

"რა იქნება ჩემი რეკომენდაცია ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ამას მე აქ, ღიად ვერ განვაცხადებ, ამას განიხილავს საკოორდინაციო საბჭო. აღსანიშნავია, რომ იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს, 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში, ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 28 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.