"ვაშინგტონიც და აშშ-ის საელჩოც ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის გარშემო არსებულ მოვლენებს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, ასევე ყურადღებას ამახვილებენ არჩევნების საკითხზეც.
ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად.
„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებას აქცევს სააკაშვილთან დაკავშირებულ მდგომარეობას, მის სიტუაციას. ასევე, ვაშინგტონი და აშშ-ის საელჩო ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მის გარშემო არსებულ მოვლენებს. მიმაჩნია არსებობს სივრცე, რომ წინასაარჩევნოდ პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა ამომრჩევლებთან ურთიერთობაზე მოხდეს, პროგრამების გაცნობის კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო პერიოდი არჩევნებამდე იყოს მშვიდი და შესაფერისი იმისათვის, რომ ჩატარდეს კარგი არჩევნები“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, მისი მხრიდან არ იქნება მართებული მთავრობისთვის თქმა, რა უნდა გააკეთონ.
"რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების მეორე რაუნდისთვის გარემო მშვიდი იყოს, არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ვფიქრობ, ფოკუსი უნდა გაკეთდეს ამ საკითხებზე, კანდიდატებზე და არა ერთმანეთზე თავდასხმებზე, მით უმეტეს არა ძალადობასა და რაიმე სახის აგრესიულ გამოსვლებზე“, - აღნიშნა ელჩმა.