ეუთო აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო-სამეთვალყურეო მისიას აჩერებს

Reuters-ის ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთო სამშვიდობო მისიას წყვეტს.

როგორც ეუთოს მისიის ხელმძღვანელი მისიის იაშარ ჰალით ჩევიკი აცხადებს, ეუთოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, დონეცკში, სამეთვალყურეო მისიის შტაბ-ბინასთან, საპროტესტო გამოსვლები გახდა.

დონეცკი უკრაინელი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იმყოფება.

„საქმე ეხება უსაფრთხოების მოსაზრებას, აქედან გამომდინარე და ჩვენი წესების თანახმად, ოპერაციას ვაჩერებთ“. განუცხადა Reuter-ს იაშარ ჰალით ჩევიკმა.

რამდენიმე დღის წინ, ეუთოს მისიის შენობასთან 200-მდე პირი შეიკრიბა და უკრაინის არმიის მიერ გასულ კვირაში დატყვევებული სეპარატისტების ერთ-ერთი მეთაურის განთავისუფლებას მოითხოვდნენ.

ეუთოს ექსპერტები აქამდეც იყვნენ საპროტესტო გამოსვლების მომსწრე. თუმცა ამჯერად, გავრცელებული ცნობით, პრორუსული სეპარატისტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები, როგორც ჩანს, შეეცადნენ გადაეკეტათ სასტუმროს შესასვლელი, სადაც სამშვიდბო მისიის ოფისია.

სეპარატისტების მტკიცებით, 13 ოქტომბერს კონფლიქტის ხაზთან უკრაინის სამხედროებმა დააკავეს ანდრეი კოსიაკი, რომელიც, მათი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კოორდინაციის და კონტროლის ცენტრში თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთვის ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც შედის რუს სამხედროთა ჯგუფში, რომელიც საიდუმლო სადაზვერვო ოპერაციებში მონაწილეობს.

რუსეთი უარყოფს კიევის ბრალდებას უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჩაღებასა და იქ თავისი ნაწილების გაგზავნის შესახებ.