ლოიდ ოსტინი: საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები

„აშშ დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის მიმართ მტკიცეა“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მხარეებმა დღეს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-სა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისთვის, შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც წლის ბოლოს სრულდება, ახალი ინიციატივა შეცვლის.

„ახლა უკვე 3 წელზე მეტია, რაც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მსახურობდა როგორც ჩვენი ძალისხმევის საფუძველი, რომ ხელი შეგვეწყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მზადყოფნის ზრდისთვის. პროგრამა დასრულდება ამ წლის ბოლოს. დღეს მაქვს პატივი, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად გამოვაცხადოთ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივა. ეს ინიციატივა იქნება ცენტრალური ერთი მხრივ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის თანამშრომლობისთვის.

ეს აღნიშნავს მართლაც ახალ, ამაღელვებელ ფაზას ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ უსაფრთხოების თანამშრომლობაში. ჩვენ ნამდვილად გამოვიყენებთ საქართველოს თავდაცვის პროგრამას და გავაგრძელებთ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერას თავდაცვის სექტორში. გავაძლიერებთ შესაძლებლობებს და უნარს, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი შეკავებისა და თავდაცვისთვის. ხელს შევუწყობთ ასევე საქართველოს NATO-სთან ურთიერთთავსებადობას“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობას.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით და განვითარებით - ეს ინიციატივა დააწინაურებს და ხელს შეუწყობს ჩვენს საზიარო უსაფრთხოების ინტერესებს და კვლავ გაამყარებს მომავალში ჩვენს პარტნიორობას. ამ ინიციატივის წარმატებას დასჭირდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომ დავრჩეთ იმ გზაზე, რომელიც ემსახურება საერთო მიზნებს“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა და დაამატა, რომ ლოიდ თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს აშშ-ის მხარდაჭერა, რომ გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია და გაატაროს საჭირო ფუნდამენტური რეფორმები.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და საჭირო ნაბიჯებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„როგორც ნახეთ საქართველო, აგრძელებს პროგრესის გზას თავდაცვის რეფორმირების სფეროში. შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ხელმძღვანელებთან დღეს. გვქონდა საშუალება, მათთან განგვეხილა ის საკითხები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, დაგვეხმარება, რომ წვლილი შევიტანოთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებაში დამატებითი შესაძლებლობების შექმნაში, შეიარაღებული ძალების წვრთნაში, რომ საქართველოს უკეთ შეეძლოს თავდაცვა და აგრესიის შეკავება.

რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭრას, აშშ მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიის განვითარების გზაზე დამოუკიდებლობის დღიდან და ველით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდება.შშ-ის საელჩომ აღნიშნა გარკვეული პრობლემები უკანასკნელ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე გამოვხატეთ რწმენა საქართველოს უნარისადმი, გააუმჯობესოს ეს მიმართულება“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, საქართველო აშშ-სთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„საქართველოში ჩემი ვიზიტი ემსახურება პარტნიორობის დარწმუნებასა და აღიარებას. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეგიონი. ჩვენ გვაქვს ინტერესი, გვაქვს საზიარო ღირებულებები, ვხედავთ მთელ რიგ შესაძლებლობებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაგრძელებლად. აქ ვარ იმისთვის, რომ დავარწმუნო, ვაღიარო ის დიდი ღირებულება, რომელსაც ჩვენს პარტნიორობას ვანიჭებთ.

რაც შეეხება ერაყსა და ავღანეთის ოპერაციებში საქართველოს წვლილს, ხაზს გავუსვამ კრიტიკულ როლს, რომელიც საქართველომ შეასრულა ჩვენს დახმარებაში, ჩვენთან ერთად. ვმსახურობდი ერაყსა და ავღანეთში. შემიძლია, უშუალო გამოცდილებით გითხრათ, რომ შესანიშნავი სამხედროები ჰყავს საქართველოს. საქართველოს აქვს ნამდვილად ყველანაირი უფლება, იამაყოს მისი წვლილით, მისი სამხედროებით, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს ორი ომი არ განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს. ჩვენ გვაქვს საზიარო ინტერესები, რომლებზეც მუშაობას გავაგრძელებთ, გავაძლიერებთ სამომავლოდ პარტნიორობას. კვლავ მსურს, დავარწმუნო საქართველო და მსოფლიო შესანიშნავი ურთიერთობების არსებობაში, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.