თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ დირექტორად დაინიშნა

თამარ ჟვანია უზბეკეთში ამერიკული ორგანიზაცია „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) დირექტორად დაინიშნა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ახალი თანამდებობის შესახებ ინფორმაცია IFES-ის ოფიციალურ ვებგვერდზე 13 ოქტომბერს განთავსდა. ტექსტში მითითებულია, რომ თამარ ჟვანიას 21-წლიანი გამოცდილება აქვს.

15 ოქტომბერს IFES-ის დელეგაცია, მათ შორის, თამარ ჟვანია და ევროპისა და ევრაზიის პროგრამის უფროსი მენეჯერი ენტონი ბოიერი უზბეკეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული საარჩევნო რეფორმები განიხილეს.

„არ ვაკვირდებით არჩევნებს, რათა შევაფასოთ არჩევნები და წარმოვადგინოთ კონკრეტული ანგარიში. ვმუშაობთ საარჩევნო კომისიასთან და სხვა აქტორებთან ერთად, მათ შორის, მედიასთან, შშმ პირთა ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან და ახალგაზრდული ორგანიზაციებთან.

თანამშრომლობა დაიწყება ამ არჩევნების შემდეგ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად, რომელიც დარწმუნებული ვარ, წვლილს შეიტანს არჩევნების გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობაში, პროცესებში ამომრჩეველთა აქტიურ მონაწილეობასა და ქვეყნის განვითარებაში”, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცნობისთვის, უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, თამარ ჟვანია საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

ამავე თემაზე

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარეობიდან გადადგა