ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ახალ სამშვიდობო ინიციატივაზე ესაუბრა

„თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის მხრივ ძალიან ძლიერი გზავნილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის ვიზიტი საქართველო-აშშ-ის მაღალი დონის ურთიერთობების კიდევ ერთ ნათელ მაგალითად შეაფასა და „ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების უწყვეტ ინტერესსა და ჩართულობას შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში“. ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. განცხადებები მედიასთან არ გაკეთებულა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით რეგიონში ერთგული მოკავშირე ჰყავს.

„ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალებში მიმდინარე მოდერნიზაციის პროცესი აშშ-ის და საქართველოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, საქართველოს და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დღეს გაფორმებული მემორანდუმი კი უმნიშვნელოვანესია, რადგან რთული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ განაგრძოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის და ნდობის აღდგენის მნიშვნელობას.

ამ კონტექსტში აღინიშნა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით მიღწეული შეთანხმება, რაც ხელს უწყობს დიალოგს და რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებას. მთავრობის მეთაური აშშ-ის თავდაცვის მდივანს ასევე ესაუბრა ახალ სამშვიდობო პლატფორმაზე - „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა და ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.

პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო NATO-ს მომავალ სამიტს, რომელიც საქართველოს წინსვლის აღიარებისთვის კარგი შესაძლებლობაა და აღინიშნა მოკავშირეებს შორის კონსენსუსის მიღწევის თვალსაზრისით აშშ-ის ჩართულობის გადამწყვეტი მნიშვნელობა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს ავღანეთიდან განხორციელებული ევაკუაციის პროცესში, რაც, აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერისა და საერთო ღირებულებებისადმი ერთგულების კიდევ ერთი დადასტურებაა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეხვედრას Twitter-ზეც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით აგრძელებენ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს შევხვდი მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. არაერთ ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით ვაგრძელებთ ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ძალისხმევის განხორციელებას. განვიხილეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური მისწრაფებები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის უმაღლესი ტრიბუნიდან ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც მოგვიანებით განიხილა როგორ აზერბაიჯანულ, ისე სომხურ მხარესთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ 12 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ფასილიტაციით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის (რომელიც ამ პერიოდში რეგიონულ ტურნეში იმყოფებოდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში) ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ მინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.