ჯუანშერ ბურჭულაძე: საქართველო და აშშ სინქრონულად ურთიერთთანამშრომლობენ, ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და ურთიერთობაში სიურპრიზები არ გვაქვს

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობა, შავი ზღვისა და რეგიონული უსაფრთხოება, აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში, მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში მხარდამხარ მსახური და აშშ-ის მუდმივი მხარდაჭერა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში - ის ძირითადი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ორმხრივ შეხვედრაზე იმსჯელეს.

კოლეგების შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საპატიო ყარაულის მონაწილეობითა და სამხედრო ორკესტრის მიერ აშშ-სა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ შედგა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ჩამოსვლა ისტორიულად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ვიზიტი ქართველი ხალხისთვის მკაფიო გზავნილია, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, ხოლო რეგიონისთვის ეს ნიშნავს, რომ დასავლეთს ძლიერი ინტერესი გააჩნია მთელი რეგიონის მიმართ და ვერავინ შეაჩერებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ მისწრაფებაში აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბარი შეეხო აშშ-ის მზარდი მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციას და 10-წლიანი განვითარების გეგმას, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის და მდგრადი საბრძოლო მზადყოფნის შესაძლებლობების განვითარებაზეა ორიენტირებული. განხილვის თემები იყო ასევე, NATO-საქართველოს თანამშრომლობა, აშშ-საქართველოს მრავალეროვნული სწავლებები და შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პრაქტიკული იმპლემენტაციის პერსპექტივები.

შეხვედრის დასასრულს ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს საქართველოს სახელით მადლობა გადაუხადა იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, წარმატებული და მზარდი თანამშრომლობისთვის, რაც საქართველოს, როგორც ალიანსის მომავალი წევრის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნის მდგრადობის განმტკიცებას ემსახურება.

საქართველოს და აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა არის სინქრონულ რეჟიმში. ჩვენ ერთმანეთის პარალელურად ვდგამთ ნაბიჯებს და არ გვაქვს ურთიერთობაში სიურპრიზები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვის საპასუხოდ.

უცხოელი ჟურალისტის შეკითხვას, იღებს თუ არა საქართველო აშშ-ისგან ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ „დიახ“.

„რაც შეეხება კითხვას, ვხედავთ თუ არა ზეწოლის ზრდას რუსეთის მხრიდან, ჩვენ ვისაუბრეთ შეხვედრის ფორმატში, რომ ოკუპაცია არის ყოველდღიური. ჩვენ შეიძლება ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ ოკუპაციის სხვა მეთოდი, მომდევნო კვირას, შესაძლოა, ვიხილოთ კიბერთავდასხმა. სხვადასხვა მეთოდია გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების განხორციელებაში ჩვენ ვართ აშშ-სთან თანამშრომლობის ახალ საფეხურზე, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის შეკავების და NATO-სთან თავსებადობის უმაღლეს ხარისხს, ასევე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაყვანას. აღნიშნულ კონტექსტში საფუძვლიანად მიმოვიხილეთ შეიარაღების მოდერნიზაციის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ საბრძოლო მზადყოფნისა და მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი საშუალებების თანმიმდევრულად და ეფექტურად განვითარების მიზნით გადავედით თავდაცვის გრძელვადიან დაგეგმვაზე“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.