აშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო.
აშშ-ის არმიის ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, „ალფა“ ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. საჩვენებელი წვრთნები ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე სტუმრობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ლოიდ ოსტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრები გამართა.
„დღეს საქართველოში ჩემი ბოლო გაჩერების დროს, მე მქონდა პატივი შევხვედროდი ჩვენს ზოგიერთ ჯარისკაცს. არასოდეს არის ადვილი სახლიდან შორს ყოფნა, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მათ იცოდნენ, რამდენად მადლობელი ვარ მათი სამსახურისთვის და მათი მსხვერპლისთვის“, - წერს ლოიდ ოსტინი Twitter-ზე.
„ჯარისკაცებთან შეხვედრა წარმატებული ვიზიტის შესაფერისი დასასრული იყო, ამით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან“, - ეს ტექსტი კი შეხვედრას ამერიკის საელჩომ მიუძღვნა.
„ქართველმა და ამერიკელმა ჯარისკაცებმა ერთობლივი წვრთნებითა და ბრძოლით ჩამოაყალიბეს ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის საფუძველი, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სიმტკიცეს, როგორც მთელი საზოგადოების ძალისხმევას. ჯარისკაცებთან შეხვედრა წარმატებული ვიზიტის შესაფერისი დასასრული იყო, ამით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ შეერთებული შტატები და საქართველო ერთად უფრო ძლიერები არიან.
დღესვე, აშშ-ის თავდაცვის მდივანი შეხვდა საზღვაო ქვეითების რაზმს, რომელიც თბილისში აშშ-ის წარმომადგენლობას იცავს.
„შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითები ჩვენი საზღვარგარეთის მისიების განუყოფელი ნაწილი არიან. პირველად ისინი გვხვდებიან და თავდაცვის ბოლო ხაზსაც ისინი წარმოადგენენ. დღევანდელი ვიზიტისას თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შეხვდა საზღვაო ქვეითების რაზმს, რომელიც თბილისში აშშ-ის წარმომადგენლობას იცავს“, - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ტექსტში.