თამარ გაბუნია: საქართველოში ე.წ. მწვანე საშვის მექანიზმის ამოქმედება განიხილება

"ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, გადაწყვიტოს, ვაქცინას გაიკეთებს თუ არა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, როდესაც მიდის სამუშაო და ბიზნესგარემოში თუ სოციალურ ღონისძიებაზე, ეპიდემიური რისკებისგან იყოს დაცული", - ამის შესახებ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

სხომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „მწვანე საშვის" მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობები განიხილა.

„არჩევანის საფუძველზე: ვაქცინაცია ან PCR-ტესტირება, დაბალანსებულია უფლებრივი კუთხით. მზად ვართ, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიმსჯელოთ მექანიზმზე, თუ როგორი იქნება უფრო ეფექტური „მწვანე საშვის" მექანიზმის ამოქმედება როგორც უფლებრივ, ასევე აღსრულების ნაწილში. სხვაგვარად მოსახლეობის მოცვა და იმუნური ფენის ჩამოყალიბება გაჭირდება. ვაქცინაციით მოსახლეობის 80% მაინც უნდა იყოს დაფარული იმისთვის, რომ სტაბილურად გავაგრძელოთ ეკონომიკური და ბიზნესსაქმიანობა, შეზღუდვების გარეშე. ვაქცინაციის პროცესი საკმაოდ აქტიური იყო ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ამჟამად კი მიწოდება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა", - აღნიშნავს თამარ გაბუნია.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 17 ოქტომბერს, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 2 260 ადამიანი. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.