სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა თბილისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, ივან კორჩოკს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ყველა სფეროში.

საუბარი შეეხო სექტორული თანამშრომლობის მნიშვნელობას, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის მხარდაჭერას, კონკრეტული პროექტებისა და მიზნობრივი დახმარების პროგრამების საშუალებით.

ყურადღება დაეთმო პანდემიით შექმნილ გამოწვევებს და მათი გადალახვის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა COVID19-ის პანდემიის და მისი შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სლოვაკეთის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული პროცესს და აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადება 2024 წელს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ ოფიციალური განაცხადის გასაკეთებლად. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ასოცირებული ტრიოს ერთგულება საერთო ევროპული მისწრაფებების მიმართ.

ხაზი გაესვა ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის გაძლიერებული ჩართულობისა და ინტეგრაციისა და ამ პროცესში სლოვაკეთის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს სლოვაკეთის ჩართულობას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. ივან კორჩოკმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე და აღინიშნა, რომ იქ არსებულ ვითარებას ივან კორჩოკი დღეს პირადად გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკი მონიტორების ჩართულობისთვის.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრ ივან კორჩოკთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერი წერს, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან. ჩვენს ქვეყნებს საერთო ევროპული ფასეულობების საფუძველზე მჭიდრო და ძლიერი ურთიერთობები აქვთ. ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალს ბოლომდე ავითვისებთ”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

გარდა ამისა, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით ურთიერთობების განვითარებას, რაშიც, მინისტრების შეფასებით, დიდ როლს შეიტანს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა აღნიშნეს ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის შეხვედრების ტრადიციის გაგრძელების მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. განსაკუთრებით აღინიშნა უკანონო ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის, ასევე, გატაცებისა და უკანონო დაკავებების ფაქტები.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა სლოვაკ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. აღინიშნა, რომ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

„ძალზე ფასეულია, რომ სლოვაკეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. სლოვაკეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც.

შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ პროცესში, მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ივან კორჩოკის განცხადებით, სლოვაკეთი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და მზად არის, ამ გზაზე ჩვენს ქვეყანას საკუთარი გამოცდილებაც გაუზიაროს. პარლამენტის თავმჯდომარემ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გააცნო. ამ კონტექსტში, აღინიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რეფორმები, მათ შორის, სასამართლო რეფორმა წარმატებით განხორციელდეს.