გერმანელი დიპლომატი, ჰელგა შმიდი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) ახალი გენერალური მდივანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოში გერმანიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ეუთოს პლენარულმა სესიამ ხელგა შმიდი გენერალურ მდივნად დანიშნა, მატეო მიკაჩი ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ინსტიტუტთა საკითხებში დირექტორის პოსტს დაიკავებს, ეუთო-ს ეროვნული უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის თანამდებობას ქაირათა აბდრახმანოვა იკავებს, ტერეზა რიბეირუ კი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლად დაინიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შმიდი პირველი ქალია ორგანიზაციის ისტორიის მანძილზე, რომელიც ეუთოს გენერალური მდივნის თანამდებობას იკავებს. ის 2011 წელს გენერალური მდივნის მოადგილე იყო.
ჰელგა შმიდს ეუთოს გენერალურ მდივნობას ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამის შესახებ ის „ტვიტერში“ წერს.
„ვულოცავ ჰელგა შმიდს ეუთო-ს გენერალურ მდივნობას. უსაფრთხოება კავკასიაში მთელი ევროპის სტაბილურობისათვის გადამწყვეტია. წინ დიდი სამუშაოა და მინდა, გისურვოთ წარმატებები ორგანიზაციის მიერ მშვიდობისა და დიალოგისაკენ მიმართული საქმიანობის გაგრძელებაში“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.