„ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თბილისში ვიზიტისას.
ჩინეთმა გამოსცადა რაკეტა, რომელსაც აქვს ბირთვული იარაღის გადაზიდვის უნარი. თქვენ რა კომენტარს გააკეთებდით ამასთან დაკავშირებით? - ამ შეკითხვით მიმართა აშშ-ის თავდაცვის მდივანს უცხოური მედიის წარმომადგენელმა.
„დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ამ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არ გავაკეთებ კომენტარს. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩინეთში. მოწინავე შესაძლებლობების განვითარებას, იმ სისტემებს, რომლებიც მხოლოდ ზრდის დაძაბულობას რეგიონში. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩინეთი წარმოადგენს გამოწვევას და ჩვენ ვაპირებთ, ყურადღებით ვადევნოთ თვალი“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
ცნობისთვის, ჩინეთი ბირთვული შესაძლებლობების რაკეტის გამოცდას უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Financial Times-ის მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობა სიმართლეს არ შეესაბამება.