სახელმწიფო დეპარტამენტი 3+3 ფორმატზე: მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად

3+3 ფორმატთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-თან კომენტარი გააკეთა.

„მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ერთად იმუშაონ სადავო საკითხების გადასაჭრელად და გააძლიერონ რეგიონული თანამშრომლობა. მაშინ, როდესაც გარე აქტორებს შეუძლიათ, პროდუქტიული როლის შესრულებით დაუჭირონ მხარი ამგვარ ძალისხმევას, რეგიონში საკუთარი დღის წესრიგის შექმნა მათ არ უნდა სცადონ“, - აღნიშნულია ტექსტში, რომელიც Europetime-მა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის სახელით მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, Europetime ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსნებსაც ესაუბრა და მათ კომენტარებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე 3+3 ფორმატზე დაუსვეს შეკითხვა. ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი.

„რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონლიფქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა, რომელსაც მხარი დაუჭირეს აზერბაიჯანმა და ირანმა. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „მიესალმა ირანის, თურქეთის, საქართველოსა და რიგი ევროპული ქვეყნების მისწრაფებას, შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღის ეკონომიკის აღდგენას“.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“.