ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის

„ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის; სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, მუდმივი სპეკულირება მიმდინარეობს იმაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს, ერთ რამეს ვეტყვი ყველას - ამ სიაში, სხვათა შორის არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და ბევრი ქართული გვარიც აღმოვაჩინეთ, როდის გახდნენ ქართველები ევროპარლამენტარები, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მინდა, ერთი რამ გითხრათ, რომ კანონის აღსრულებას და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში წინ ვერავინ აღუდგება, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს, ჩვენ სრულად გამჭვირვალე პროცესი გვაქვს, ჩვენთან უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, შესაბამისად ეს უნდა იყოს ყველასთვის ცხადი.

ჩვენთვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის დადგენილი პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ევროპარლამენტარების წერილი ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. მისივე ცნობით, წერილს 72 ხელმომწერი ჰყავს. ევროპარლამენტარებთან ერთად, მათ შორის არიან ლიეტუვის სეიმის წევრები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები.