პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ალუდა ღუდუშაურის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, როდესაც მან სალომე სამადაშვილს მიმართა და წინა ხელისფლების „დანაშაულები შეახსენა“.

ამის შემდეგ დეპუტატ შალვა შავგულიძეს მიმართა გაეხსენებინა, თუ როგორ და რა პირობებში უწევდათ ადვოკატებს მსჯავრდებულების მონახულება.

ალუდა ღუდუშაურმა მამუკა ხაზარაძესაც მიმართა და წინა ხელისუფლების პერიოდში სესხების გაცემის პირობებზე ესაუბრა.

„ალუდა ღუდუშაურთან დაკავშირებით სამწუხაროდ, არ მინდა, ის სიტყვები გავიმეორო, რომელიც თავში მაქვს. ეს არ არის პარლამენტი, ეს არის ადამიანთა შეკრება, რომელიც ერთი რამით არის დაკავებული - ამ ქვეყანაში დათესოს ძალადობა, შეურაცხყოფა, სიძულვილის ენა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენონ. ესენი არ ლაპარაკობენ ხალხის საჭიროებაზე, იმაზე, თუ როგორ გამოვიდეს ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან.

შესაბამისად, ალუდა ღუდუშაურმა პასუხიც მიიღო, მაგრამ ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც პარლამენტშია, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ამ ადამიანებს ვუპასუხო, რადგან ესენი არიან მართლა უტიფრები, რომლებსაც არ აქვთ არც შუბლის ძარღვი, არიან ტიპიური მონები, რა თქმა უნდა, ყველა არა, მაგრამ ჯგუფი, არიან ტიპიური მონები ბიძინა ივანიშვილის და ასრულებენ დავალებას“, - განაცხადა ხაზარაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან.