Reuters-ის ცნობით, პოლონეთმა ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა.
როგორც პოლონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, პოლონეთ-ბელარუსის საზღვასთან, სამხედროების რაოდენობა, უსაფრთხოების მიზნით გაორმაგდა და ექვსი ათას ჯარისკაცს შეადგენს.
"სამხედროები სასაზღვრო ძალებთან ერთად იმორიგევებენ და ერთობლივი ძალებით გააკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარს, რათა არ მოხდეს ბელარუსის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის უკანონო მცდელობა", - აღნიშნავენ პოლონეთის თავდაცვის უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პოლონელმა მესაზღვრეებმა საბუთების არმქონე მიგრანტების მხრიდან, საზღვრის ძალისმიერი შტურმით გადაკვეთის მცდელობა აღკვეთეს. გარდა ამისა, ყოველდღიურად ბელარუსის მხრიდან საზღვრის უკანონო გადმოკვეთის 500-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.
პოლონეთი არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.