ლოიდ ოსტინი: აღმოსავლეთ უკრაინაში ომი რუსეთმა დაიწყო და ის ხელს უშლის მის მოგვარებას

„ეს ომი რუსეთმა დაიწყო და რუსეთი უშლის ხელს მის მოგვარებას“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მესამე ქვეყანას არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს ალიანსის წევრობას.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში საქართველოდან გაემგზავრა.

„მე აქ ვარ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და გამოვხატო ჩვენი ვალდებულება, განვავითაროთ უკრაინის შესაძლებლობები შემდგომი რუსული აგრესიის აღსაკვეთად“, - დაწერა ოსტინმა Twitter-ზე.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, მოლაპარაკებების დროს ისაუბრეს აშშ-სა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობისა და შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის „საგზაო რუკაზე“. მანვე აღნიშნა, რომ ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა არანაირად არ აისახება აშშ-ის, როგორც მყარი პარტნიორისადმი კიევის ნდობაზე.

ორშაბათს უკრაინამ აშშ-სგან სამედიცინო ტვირთვისა და შეიარაღების ახალი პარტია მიიღო. მთლიანობაში 60 მლნ დოლარის ოდენობის ტვირთების მიწოდება ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას შეთანხმდა.