დავით ზალკალიანი: დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე, არცერთხელ დასმულა საკითხი, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის

"იმ არაერთ შეხვედრაზე, რომელსაც ევროპელ კოლეგებთან ვმართავ, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არ წამოწეულა და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ ეს რაღაცნაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის შემდგომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - ამის შსახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა, ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები, ზოგი არის სუბიექტური იმ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ პრეზიდენტს მათთან ჰქონდა.

„მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტის დაკავება მოხდა და ის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მრავალი შეხვედრა მქონდა ევროპელ კოლეგებთან, ევროპიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი, შეხვედრა მქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან, გუშინ საქართველოში ჩამოსული იყო ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ვესწრებოდი პრემიერ-მინისტრთან აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეხვედრას და დღესაც ვიყავი NATO-ს გენერალურ წარმომადგენელთან, საერთოდ არ გვიმსჯელია ყოფილ პრეზიდენტზე და იმასთან დაკავშირებით, რომ ის სასჯელს იხდის იმ დანაშაულებზე, რომელიც მას მისჯილი აქვს სასჯელი. ეს საუბრის თემა საერთოდ არ ყოფილა.

რა თქმა უნდა, ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან არის გარკვეული მოსაზრებები, ზოგი არის სუბიექტური იმ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, რაც ყოფილ პრეზიდენტს მათთან ჰქონდა, რა თქმა უნდა, ზოგი პარლამენტარია. მათ პარლამენტარობა და პოლიტიკოსობა შესაძლებლობას აძლევთ, რომ უფრო მეტად თავისუფალი იყვნენ განცხადებებში, მაგრამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოთა დონეზე, არც ერთ შეხვედრაზე მსგავსი საკითხი არ წამოწეულა და საერთოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა საკითხი, რომ ეს რაღაცნაირად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის შემდგომ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ინსტიტუტები და ყველა პატივს სცემს ჩვენს ინსტიტუტებს. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს მხრიდან აქვს მისჯილი, ის არის ბრალდებული-მსჯავრდებული კონკრეტულ კრიმინალურ საქმესთან დაკავშირებით და სასჯელს იხდის იმის მიხედვით, რაც განაჩენიც გამოტანილი იყო ქართული მართლმსაჯულების, ქართული სასამართლოს მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.