ხვალ მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი გაიმართება

უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, მეგის ქარდავას საქმეზე ხვალ, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართება

სასამართლო ელდარ ქობალიას, კობა მატკავას და მერაბ ყოლბაიას წამების საქმეებს განიხილავს. აღნიშნულ საქმეზე მეგის ქარდავას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობის პერიოდთან დაკავშორებით წამების მუხლით აქვს წარდგენილი.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 16:00 საათზეა ჩანუშნული.

შეგახსენებთ, ყოფილი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 11 საქმეა აღძრული, მათგან ნახევარში ქარდავა უკვე მსჯავრდებულია.

ყოფილ მაღალჩინოსანზე ძებნა 2013 წელს გამოცხადდა. საქართველოს მიერ ძებნილი ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტების აღმოჩენის გამო დააკავეს. დაკავებული უკრაინას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვდა. 4 წლიანი პროცედურების შემდეგ უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ქარდავა ხელმეორედ დააკავეს და 13 სექტემბერს უკრაინის სასამართლომ მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპორტითაც.

საქართველოში, მეგის ქარდავას მძიმე ბრალდებები სისხლის სამართლის 11 საქმეზე წარედგინა, მათ შორის 5 საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად დადგა. ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყანა 2012 წელს, ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვა. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, პატიმრების წამების ეპიზოდზე, მეგის ქარდავას 7 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 2006 წლის ციხის ბუნტის საქმეზეც - მეგის ქარდავა ისევ პატიმარების მიმართ, არაადამიანურ მოპყრობაში დამნაშავედ სცნეს და 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგივე სასჯელი მიესაჯა ქარდავას ზუგდიდის პოლიციაში ბელა როგავას დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე. ე.წ. კასრების საქმეში წამებასა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე მეგის ქარდავას სასჯელი 9 წლით განესაზღვრა. 9 წელი მიესაჯა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებით გარდაცვალების საქმეზეც.

თბილისის საქალაქო სასამართლო მეგის ქარდავას წინააღმდეგ, 6 საქმეს ჯერ კიდევ განიხილავს.

სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, მეგის ქარდავა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ორჯერ დაჯილდოვდა, კონსტიტუციური წყობილების დაცვისთვის და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.