ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა დააზარალა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ კვლავ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა შიდა მიმოსვლის გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

ბოლო მონაცემებით დაზიანებულია 11 ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანებულია შიდა გზები.

ამ დროისთვის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია საგზაო მოძრაობა.

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს. "ენერგო პრო ჯორჯიას" ბრიგადების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში აღდგა.

ადგილზე დილიდან იმყოფებოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომლები. შესაბამისი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.