იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვალ დილით მოინახულებს და გადაწყვეტილებას გააცნობს. თანხმობის შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია შაბათს, ან კვირას მოხდება
"ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული, რათა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება.
„ზოგადად, ექიმების შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით ანალიზებისა და სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობის მე-19 დღეა, ნებისმიერ დროს შეიძლება, მდგომარეობა გართულდეს. ამიტომ, ისინი პრევენციის მიზნით, რეკომენდაციას უწევენ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციას. თუმცა, ამ ეტაპზე სააკაშვილს თანხმობა გაცემული არ აქვს. ამიტომ, ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, ადგილზე იყოს მობილიზებული შესაბამისი სამედიცინო პერსონალი, რომ მას სამედიცინო დახმარება გაეწიოს, თუკი მდგომარეობა გართულდება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ამასთან, ლომჯარია განმარტა, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება მისი ნებართვის გარეშე გაეწიოს.
მისი თქმით, პატიმარს სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა იქნება, რათა გართულებები დაზღვეული იყოს“, - დასძინა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის შესწავლის მიზნით კონსილიუმია შეკრებილი. სწორედ კონსილიუმის რეკომენდაციების თაობაზე ექიმებმა იუსტიციის სამინისტროში გამართეს შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, სახალხო დამცველი და პარლამენტის წევრები - მიხეილ სარჯველაძე და დიმიტრი ხუნდაძე დაესწრნენ.