რუსეთი საქართველოს ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს

ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას თბილისში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით ნოტა გაუგზავნა

„რია ნოვოსტის" ცნობით, მოსკოვის ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციამ გადასცა ქართულ მხარეს.

მოსკოვი მოითხოვს საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში არსებული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის ფაქტის შესახებ, რუსეთის შესაბამის უწყებებს მიეწოდოს.ასევე გაეწიოს საჭირო იურიდიული დახმარება გარდაცვლილის მამისთვის ცხედრის სწრაფად გადაცემის საკითხში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო განყოფილების თანამშრომლები უშუალო კონტაქტში არიან თბილისში ჩამოსულ გარდაცვლილის მამასთან.

„საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ტარდება ყველა საჭირო ზომა საქართველოში მყოფი გარდაცვლილის ნათესავების ინტერესების დასაცავად, მათ შორის მისი არასრულწლოვანი ვაჟის, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში ორი დღის წინ მოკლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი.