თამარ გაბუნია: კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რაც გარკვეულწილად, ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეობს

კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია, რაც გარკვეულწილად, ვაქცინაციის ფონიდან გამომდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე შესაძლოა, შემთხვევები შედარებით მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება.

ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 12-ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა. დაახლოებით, 9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მე-4 ტალღის შუა პერიოდში, პიკურ პერიოდში, მობილიზებული დარჩა, აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. უფრო მეტად თავისუფალი საწოლფონდი არის თბილისში და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლებიდან გამომდინარე დღეს, თბილისში და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ამ საწოლფონდს სხვა რეგიონებისთვის ვიყენებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, საწოლფონდი თავისუფალი თბილისსა და აჭარაშია, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი დაბალია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მდგომარობით აქტიური შემთხვევა 46 872-ს შეადგენს, აქედან 5 679 პაციენტი, ანუ საერთო შემთხვევების 12% მკურნალობს ჰოსპიტალში 1 300 პაციენტი კი კოვიდსასტუმროებშია, დანარჩენი ბინაზე რჩება და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მძიმე პაციენტების რაოდენობა, ვისაც ჟანგბადი სჭირდება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, 1 300-ს შეადგენს, აქედან რეანიმაციაშია 269 პაციენტი.

„ვაქცინაციის ე.წ. მარათონი ორშაბათიდან 50 შერჩეულ სოფელში დაიწყო, აქტიურობა არის რიგ სოფლებში, ზოგან - ნაკლები, ზოგან - მეტი, საბოლოო ჯამში, გუშინ, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა 5 500-მდე აცრა, რაც კვლავაც დაბალი მაჩვენებლია და მთავარი პრიორიტეტი ახლა ისევ ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.