ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს

პირბადის ტარების მაჩვენებელი 47%-დან 95%-მდე რომ ავიყვანოთ, ეს ხომ ყველაზე მარტივია, ამას არც ანტივაქსერობა სჭირდება და არც „ვაქსერობა“, ეს დეკემბრამდე 300 ადამიანის სიცოცხლეს დაზოგავს, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, ვითარება შედარებით უკეთესია.

„რატომ გვაქვს დღეს აჭარაში შედარებით მშვიდი სიტუაცია 5 000 ახალი შემთხვევის ფონზე? იმიტომ, რომ აჭარა, ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით, თბილისის შემდეგ, მეორეა და ბათუმმა უკვე მიაღწია 60%-იან ნიშნულს. თბილისი უახლოვდება ამას - თბილისში მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადი აცრის მაჩვენებელი 54%-ია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები 30%-ზე არიან, გარდა რაჭა-ლეჩხუმისა. მოგეხსენებათ, პატარა რეგიონია, 37%-ზეა ასული. 100 ათას მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების გადათვლით, თბილისი და აჭარა უკვე შედარებით უკეთეს სიტუაციაში არიან“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული.

19 ოქტომბერს მხოლოდ 5 543 ადამიანი აიცრა. 20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%.

18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა.

16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.