საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ სააკაშვილი ის წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
"ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაშავებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლოდ, დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, არ მივიღებ საკვებს არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც შეზღუდულად, მაგრამ მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს", - წაიკითხა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასთან შეხვედრის შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 20 დღეა რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრევენციის მიზნით პოსპიტალში მოათავსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
„გავიარეთ კონსილიუმის დოკუმენტები და ყველა ერთ ტალღაზე ვართ - პრევენციული ჰოსპიტალიზაცია. ჯერ არ ვიცით, სად. ამაზე ვმუშაობთ“,- განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ექიმის განმარტებით, იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილება აღსრულდეს, სააკაშვილის თანხმობაა საჭირო. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ხვალ დილით მოინახულებს და გადაწყვეტილებას გააცნობს. თანხმობის შემთხვევაში, მისი ჰოსპიტალიზაცია შაბათს, ან კვირას მოხდება
"ვმსჯელობთ იმაზე, რომ სანამ სააკაშვილი ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობას განაცხადებს, შესაბამისი სამედიცინო პერსონალი ადგილზე იყოს მობილიზებული, რათა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილს ანალიზები ყოველდღიურად ჩაუტარდება.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, პატიმარს თანხმობის გარეშე სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ საღ გონებაზეა და საკუთარი ნების დაფიქსირება შეუძლია. თუმცა, თუ ვითარება იმდენად გართულდა, რომ პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს, ამ შემთხვევაში ექიმები ვალდებულები არიან, მას სამედიცინო დახმარება გაუწიონ.