"ვაქცინაციის წამახალისებელმა ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არაა",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასააქტიურებლად სხვადასხვა ღონისძიებას მიმართავენ, რასაც თავისი დრო და ეტაპი აქვს.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, მეორე ეტაპია ეგრეთ წოდებული ვაქცინაციის მარათონი, რომლის ეფექტურობასაც დაახლოებით ათი დღის განმავლობაში დააკვირდებიან და იმის მიხევდით იქნება სურათი, საჭიროა თუ არა გადასვლა მესამე ნაბიჯზე.
„მარათონი 18 ოქტომბერს დავიწყეთ და პირველ დღეს 4 სოფელში, დაახლოებით 101 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში. იმედი მაქვს, თანდათან ეს მოიმატებს. სამწუხაროდ, ვაქცინაციის ტემპი დაეცა. ვინც იყო მოტივირებული, მოვიდნენ და აიცრნენ. ახლა მეორე ნაბიჯია, რაც ახლა კეთდება, მივიდეთ ადამიანებამდე და მესამე პირდაპირი ან არაპირდაპირი მანდატორიზმი. რაც შეეხება წამახალისებელ ლატარიას, გარკვეულად იმუშავა, მაგრამ რომ გითხრათ, დიდი სტიმული მისცა, ასე ნამდვილად არა. რაც შეეხება ახალ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, ეს ძირითადად არის სოფლის მოსახლეობაზე გათვლილი. 10 დღე უნდა დაველოდოთ ამ მარათონის შედეგებს და შემდეგ ვნახოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო 24 საათში, 57 301 ტესტის შედეგად ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 კოვიდინფიცირებული.
19 ოქტომბერს მხოლოდ 5 543 ადამიანი აიცრა. 20 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 926 893 აცრა სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 015 699 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.7 %. სრულად ვაქცინირებულია 910 782 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.9%.
18 ოქტომბერს აიცრა 6 203 ადამიანი. 17 ოქტომბერს, აცრის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი 2265 დაფიქსირდა.
16 ოქტომბერს, მხოლოდ 4 681 ადამიანი აიცრა, 15 ოქტომბერს - 6 673, 14 ოქტომბერს - 3 843.13 ოქტომბერს, 6 110 ადამიანი აიცრა. 12 ოქტომბერს - 6 837.