აშშ: მოუთმენლად ველით საქართველოსთან მტკიცე ურთიერთობის განვითარებას, მათ შორის წვრთნებით, რაც აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს

სამხედრო ანალიტიკურმა პორტალმა Defencenews აშშ-ის თავდაცვის მდივნის ევროპულ ტურნეს, და უფრო კონკრეტულად, ჯერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს სტატია მიუძღვნა.

სტატიის მიხედვით, ლოიდ ჯეი ოსტინმა და მისმა ქართველმა კოლეგამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით გაეგრძელებინათ სამხედრო წვრთნები შავი ზღვის რეგიონის მოკავშირისთვის, რათა თავის მხრივ დაემტკიცებინა აღმოსავლეთის ფლანგზე, რუსეთის აგრესიის წინაშე მყოფი მოკავშირეების მხარდაჭერა.

ამერიკელმა მაღალჩინოსანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

„ერთი რამ, რისი თქმაც მკაფიოდ მსურს, ისაა, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და მის ძალისხმევას, გააფართოოს მისი გავლენები შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალის გამოყენებით და მავნე ქმედებებით”, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა

„ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონი და მისი უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტია იმისთვის, რომ სრულად გავაცნობიეროთ ის ხედვა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ - ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა“, - დაამატა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა.

შეგახსენებთ, აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ახალი ინიციატივით დაიწყო. კერძოდ, 18 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების ინიციატივის გამოცხადება იყო, რომელსაც ლოიდ ოსტინის შეფასებით, ცენტრალური ადგილი ექნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის ძალებს შორის სამხედრო თანამშრომლობაში.

დოკუმენტი - GDDEI, რომელსაც ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP) შეცვლის. დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს იქნება მრავალწლიანი ინვესტიცია, მასში კონკრეტული დრო აღნიშნული არ არის, თუმცა წინა პროგრამა (GDRP), რომელიც ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში სრულდება.

უფრო კონკრეტულად, რა წერია დოკუმენტში, Europetime-მა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობ ინიციატივას გადახედა და გთავაზობთ მის შინაარსს.

საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშემწყობი ინიციატივა

„აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაში ახალი ფაზაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების (GDF) შემდგომ მოდერნიზაციას და განვითარებას უსაფრთხოების საერთო ინტერესების მხარდასაჭერად.

GDDEI აჩვენებს შეერთებული შტატების უწყვეტ ერთგულებას საქართველოს მიმართ და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.

GDDEI არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური, ორმხრივი ძალისხმევა, რომლის საფუძველზეც გაგრძელდება მტკიცე ურთიერთობა სამხედრო სფეროში.

GDDEI ორი კომპონენტისგან შედგება. ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ორგანიზაციულ ცვლილებებზე, რომლებიც თავდაცვის სფეროში ინსტიტუციურ შესაძლებლობებს შექმნის.

მეორე კომპონენტი ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის წვრთნასა და ტერიტორიული თავდაცვისთვის საჭირო კომბინირებული შეიარაღების ოპერაციებში მონაწილეობაზე.

GDDEI ემყარება GDRP– ის ფარგლებში შემაკავებელი და ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შედეგად მიღწეულ პროგრესს, რაც ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთანამშრომლობას და ინსტიტუციური რეფორმისა და მოდერნიზაციის შესაძლებლობას.

საქართველოს მთავრობის მედეგობის უნარი, რომლის მხარდაჭერასაც GDDEI ცდილობს, მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სხვა სამინისტროებს შორის.

შეერთებული შტატები კვლავაც ერთგული რჩება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ, რომ ქვეყანამ დაიცვას თავი და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს სამხედრო თანამშრომლობას, გემების ვიზიტებს და ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და NATO-ს ძალებთან ურთიერთთანამშრომლობის შემდგომ განვითარებაში.

აშშ-ის ევროპულ სარდლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან ხანგრძლივი და პროდუქტიული სამხედრო ურთიერთობა აქვს. ერთობლივმა სწავლებამ განაპირობა ჩვენი ძლიერი და სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც საქართველოს თავდაცვის ძალების მზადყოფნა უზრუნველყო.

ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, რათა განვავითაროთ ჩვენი მტკიცე ურთიერთობა წვრთნებით, რაც აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ სამხედრო შესაძლებლობებს მტკიცე უსაფრთხოების გარემოში“, - აღნიშნულია აშშ-ის ევროპული სარდლობის ვებგვერდზე განთავსებულ დოკუმენტში.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოს შემდეგ, უკრაინას ეწვია, რუმინეთში ვიზიტის შემდეგ კი, ტურნეს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობით დაასრულებს.