ელჩი: მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან

საბერძნეთში საქართველოს ელჩის დავით დონდუას ცნობით, მალე საქართველოს საბერძნეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ეწვევიან.

როგორც დავით დონდუა აცხადებს უკვე არის იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ფიზიკური შეხვედრა გაიმართოს, როგორც საქართველოდან საბერძნეთში, ასევე ათენიდან თბილისში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ საბერძნეთის დედაქალაქში ვიზიტი დაიწყო. კახა კუჭავა ათენში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და დამსწრეებს სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერძენ კოლეგასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის პარლამენტის სპიკერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

საბერძნეთში იმყოფება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან ქარუმიძე, რომლის განცხადებითაც,დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრები ათზე მეტი ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან და დელეგაციასთან.

„ვიზიტი ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული მეგობრული და თბილი ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე“,- განაცხადა ლევან ქარუმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.