საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულ ტრაილერის მძღოლ ელგუჯა ცომაიას ბრალი დაუმძიმდა. პროკურატურა მას ახლა არამარტო მძიმე დანაშაულის დაფარვას, არამედ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასაც ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, 01:47 საათზე, ფოთის პორტის ტერიტორიაზე ცომაიამ გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მარჯვენა მხრიდან სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ჩაჯდა.
"ამ ქმედებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი... მიხეილ სააკაშვილის ზემოაღნიშნულ მისაბმელში ყოფნა, სადაც განთავსებული იყო რძის პროდუქტები, დადასტურებულია მისი კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერებით და ვიდეო ექსპერტიზით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სწორედ ამ გარემოების გამო დაუმძიმდა ელგუჯა ცომაიას ბრალი. მის გარდა დაკავებულები არიან მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები და ტრაილერის კიდევ ერთი მძღოლი გიორგი ნარიმანიძე. სამივე მათგანს ბრალი მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის აქვს წაყნებეული.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია პირველ ოქტომბერს დააკავეს. მაშინ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.