ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა

ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ კოალიციური გუნდი წარადგინა, რომლითაც თბილისის მთავრობა მისი გამარჯვების შემთხვევაში დაკომპლექტდება.

მან მერის მოადგილეობის 4 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე. მის გარდა, მოადგილეობის კანდიდატები არიან: ელენე ხოშტარია - „დროა“, ირაკლი აბესაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძე - „გირჩი - მეტი თავისუფლება“.

„ადამიანი, რომლის თბილისელების გვერდში დგომა, მე, როგორც ამ ქალაქში დაბადებულ ერთ ადამიანს, მაძლიერებს“, - განაცხადა მელიამ ხაზარაძის წარდგენისას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველა პროფესიონალი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს მერიაში მუშაობს, ადგილს შეინარჩუნებს.

ნიკა მელიას თქმით, ისტორიაში პირველად, თბილისის ადგილობრივ ხელისუფლებაში იქნება კოალიციური გუნდი.

თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მონაწილეობენ.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს 40 პროპორციული მანდატი ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 19;

„ნაციონალური მოძრაობა“ - 13;

„საქართველოსთვის“ - 4;

„ლელო“ - 2;

ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - 1.

30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება 5 თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ფოთში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მეორე ტური ასევე გაიმართება 15 თვითმმართველ თემში. ამასთან, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური გაიმართება 24 საარჩევნო ოლქში.