ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალი წარედგინა.

პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების დადგენილება დღეს გამოიტანა და განმარტა, როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, „ეს არის მიხეილ სააკაშვილის გმირობის დასტური, „ქართული ოცნების“ მიერ აღიარებული მიხეილ სააკაშვილის გმირობის დოკუმენტი“.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით არის ცნობილი დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. სასჯელის ზომად მას განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს შემდეგ საქმეებზე: 7 ნოემბრის მოლენები, და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტები.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა.

ამავე თემაზე:

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლისა და გადაადგილების დეტალური მარშრუტი გაასაჯაროვა